воскресенье, 15 января 2012 г.

მსოფლიოს უგრძესი მდინარე.


სურათზე ჩანს სამხრეთ ამერიკის მდინარე ამაზონი,ითვლებოდა,რომ ნილოსი მსოფლიოში ყველაზე გრძელი მდინარე იყო,თუმცა  ამაზონის სიგრძე  უკაიალის სათავიდან - 7025 კმ–ია.
ამაზონი — მდინარე სამხრეთ ამერიკაში. მდინარე უდიდესია მსოფლიოში აუზითა და წყალუხვობით. წარმოქმნილია მდინარე მარანიონისა და უკაიალის შეერთებით. მდინარის სიგრძე მარანიონის სათავიდან 6400 კილომეტრია, უკაიალის სათავიდან - 7025 კმ. აუზის ფართობი - 7180 ათასი კმ2. უდიდესი შენაკადებია რიუ-ნეგრუ, მადეირა, ტოკანტინსი. მის დელტაში მდებარეობს კუნძული მარაჟო, რომელზედაც თავისუფლად დაეტეოდა ისეთი ქვეყანა როგორიცაა ბელგია.

 ამაზონის აუზის დიდი ნაწილი მდებარეობს ბრაზილიაში, სამხრეთ-აღმოსავლეთი და აღმოსავლეთი ნაწილი - ბოლივიაში, პერუში, ვენესუელაში, ეკვადორსა და კოლუმბიაში. ამაზონი ეკვატორთან ახლოს ჩაედინება ატლანტის ოკეანეში.

სახელწოდებას უკავშირებენ მდინარის შესართავში მოქცევით გამოწვეული ტალღების სახელს - პოროროკას, რომელსაც ტუპი-გუარანის ინდიელთა დიალექტზე „ამაზუნუ" ეწოდება. ინდიელები ამაზონს უწოდებენ პარანა-ტინგას (თეთრი მდინარე) პარანა-გუასუს (დიდი მდინარე).

მდინარე სათავეს პერუს მაღალმთიან რეგიონში იღებს და ბრაზილიის გავლით მაკაპას სანაპირომდე მიედინება. მდინარესა და მის შესართავებს გარს ერტყმის ტროპიკული ნოტიო ტყეები. ამ ტყეებში ხეები 20-სართულიანი შენობის სიმაღლის იზრდება. ამაზონის ჯუნგლებში მსოფლიოში ყველაზე მეტი სახეობის ცხოველი ბინადრობს, ტყეში დაახლოებით 1500 სახეობის ფრინველი ბუდობს, ამაზონის წყლებში კი 3000 სახეობის თევზი დაცურავს. ხვლიკები და გველები ხმელეთზე დასრიალებენ. ამაზონის ტყეებში 800-ზე მეტი ტიპის ძუძუმწოვარი ცხოველი (მათ შორის მსოფლიოში ყველაზე ბევრი ღამურა) და ურიცხვი მწერიც ცხოვრობს.
http://ka.wikipedia.org/wiki/ამაზონი 


ნილოსი (არაბ. النيل‎ - ელ-ბაჰრ; ლათ. Nilus, ბერძნ.Neilos), მდინარე აფრიკაში. მიჩნეულია მსოფლიოს უგრძეს მდინარედ. წარმოიქმნება თეთრი ნილოსისა და ცისფერი ნილოსის შეერთებით. მდინარის სიგრძე კაგერას სათავიდან 6671 კილომეტრია. აუზის ფართობი - 2870 ათასი კმ2. ჩაედინება ხმელთაშია ზღვაში, შესართავთან წარმოქმნის საკმაოდ დიდ დელტას.

ნილოსის ჩრდილოეთი ნაწილი, სუდანიდან ეგვიპტეში გადასვლის შემდეგ, მთლიანად უდაბნოში მიედინება. სწორედ ნილოსზე იყო მთლიანად დამოკიდებული ძველი ეგვიპტის ცივილიზაცია. თანამედროვე ეგვიპტის ყველაზე დიდი ქალაქები სწორედ ნილოსის ამ ნაწილში მდებარეობს, ასუანის კაშხლის ჩრდილოეთით, ისტორიული, ძველი ეგვიპტის ძეგლების სიახლოვეს.

http://ka.wikipedia.org/wiki/ნილოსი

Комментариев нет:

Отправить комментарий